დაზოგეთ წყალი

სასმელად ვარგის წყალს დედამიწის წყლების მხოლოდ 1% შეადგენს. წყალი გაცილებით მნიშვნელოვანი ენერგომატარებელია, ვიდრე ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, ნავთობი ან ნახშირი, ამასთან, მას შემცვლელი არ გააჩნია. არ არსებობს დარგი, რომელსაც წყალმომარაგება არ სჭირდებოდეს. ადამიანსაც, რომლის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება, ყველაზე მეტად სასმელი წყალი ესაჭიროება. თუმცა, ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები.

შესაძლებელია, ჩვენი მომხმარებელი ფიქრობს, რომ წყალს ყოველთვის მიზნობრივად და რაციონალურად იყენებს. არადა, ნედლი წყლის დასამუშავებლად, სასმელ პროდუქტად გარდასაქმნელად და მომხმარებლამდე მისატანად კომპანია სოლიდურ მატერიალურ, ტექნიკურ და შრომით რესურსს ხარჯავს.

კომპანიის გათვლებით:

  • გაუმართავი, მწვეთავი ონკანით დღე-ღამეში, საშუალოდ, 150 ლიტრი წყალი იკარგება
  • ასანთის ღერისოდენა ჭავლით მჟონავი ონკანი დღე-ღამეში 450 ლიტრამდე წყალს ღვრის
  • მოშვებული ონკანი საათში 600 ლიტრამდე წყალს ღვრის
  • უნიტაზის გაუმართავი ავზის გამო საათში 600 ლიტრამდე წყალი გვეკარგება
  • ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთში დაუდევრად მიშვებული სარწყავი მილიდან კი უამრავი წყალი იღვრება.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკუთარი სურვილით ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, დღეისათვის გაცილებით ნაკლებს იხდის, ვიდრე სულადობის მიხედვით გადახდის შემთხვევაში უწევდა. აბონენტთა ამ კატეგორიამ სასმელი წყლის ხარჯვა და მისი საფასურიც, საშუალოდ, 2-ჯერ შეამცირა.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თხოვნით მიმართავს მომხმარებლებს, შეაკეთონ დაზიანებული სანიტარული ტექნიკა, რაციონალურად მოიხმარონ სასმელი წყალი და მოუფრთხილდნენ ამ ძვირფას პროდუქტს.