წყლის ხარისხი


წყლის მოხმარება ონკანიდან სრულიად უსაფრთხოა თბილისში. ეს ნიშნავს, რომ სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განთავსებულია სამგორის, საგურამოსა და ბულაჩაურის სათავე ნაგებობებზე. ყველა ლაბორატორია ISO-17025 სტანდარტის მიხედვიდვითაა აკრედიტებული და უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. 


კომპანიის ყველა ლაბორატორიის ფუნქციონირებას კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც ISO-17025 სტანდარტის შესაბამის სერთიფიკატსა და აკრედიტაციას 2012 წლიდან ფლობს. ცენტრალურმა ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია 2015 წლის ივნისში გაიარა.


 

წყლის ხარისხის კონტროლი


მომხმარებლისთვის მისაწოდებელი სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად მოწმდება ავტომატურ რეჟიმში, ხოლო საათში ერთხელ ის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ კონტროლდება.


ხარისხის კონტროლი ხორციელდება როგორც სათავო ნაგებობებზე (სამგორი, ღრმაღელე, არაგვის ხეობა), ასევე ქალაქის წყალსადენის ქსელში. ცენტრალურ ლაბორატორიაში დამონტაჟებული უახლესი ტიპის აპარატურა და დანადგარები საშუალებას იძლევა თვისობრივად მაღალ დონეზე ვაკონტროლოთ წყლის ხარისხი და ქლორის დოზირება. კომპანიის ყველა ლაბორატორიაში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 


სასმელი წყალი კონტროლდება 53 პარამეტრის მიხედვით. წყლის ხარისხის ეროვნული რეგლამენტის მიხედვით, თითოეული პარამეტრის კონტროლი გაწერილი პროცედურაა და თავისი დრო და ვადები აქვს. პარამეტრების უმრავლესობა საათობრივ კონტროლს ექვემდებარება, ზოგი პარამეტრი ყოველდღიურს, ზოგიც - ყოველკვირეულს და არის რამდენიმე პარამეტრი, რომელიც მხოლოდ ყოველთვთვიურ და ყოველწლიურს კონტროლს გადის. ჩატარებული ანალიზების თანახმად, სასმელ წყალში ყველა პარამეტრი ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციაზე საგრძნობლად დაბალია. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წყლის ხარისხი მუდმივად მოწმდება დედაქალაქის წყალსადენის ქსელებშიც.


მომხმარებლისთვის სასმელი წყლის, როგორც ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო პროდუქტის მიწოდება მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგაა შესაძლებელი და თბილისის მოსახლეობა - საერთო ჯამში 490 000-მდე აბონენტი - ხარისხიანი სასმელი წყლით მარაგდება.



მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი განსაკუთრებულად მკაცრდება ზაფხულის სეზონზე. წყალდიდობისა და სხვა სტიქიური მოვლენების დროს ტარდება დამატებითი კველევები და სასმელი წყლის ხარისხზე წესდება გაძლიერებული საკონტროლო რეჟიმი, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით.


 

წყლის ხარისხის სტანდარტები

სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. დადგენილია ქიმიური შემადგენლობა და ბაქტერიოლოგიური დაბინძურების ისეთი ზღვრული კონცენტრაცია, რომელიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ამასთან, დადგენილია სასმელი წყლის ისეთი ორგანოლეპტიკური პარამეტრები, რომელიც მას სასიამოვნო თვისებებს ანიჭებს.


სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის სქემა, ჯერადობა, განსასაზღვრი მაჩვენებლები და სინჯების რაოდენობა შეთანხმებულია სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან.