წყალმომარაგება

სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავებასა და მომხმარებლამდე მიწოდებას დიდი შრომითი და მატერიალური რესურსი ხმარდება. 

დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის:
∙ წყალაღება
∙ წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა
∙ წყლის ტრანსპორტირება
∙ მომხმარებლებზე განაწილება.

არსებობს წყალმომარაგების ორი ტიპის წყარო - მიწისქვეშა და ზედაპირული. ნედლი წყლის ხარისხის გამო, პრიორიტეტულია მიწისქვეშა წყალაღება. თბილისის წყალმომარაგების სისტემა იყენებს ორივე ტიპს. მიწისქვეშა წყლების მიღება ხდება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება ხორციელდება ჟინვალის წყალსაცავიდან და, ნაწილობრივ, თბილისის ზღვიდანაც (სარეზერვო დანიშნულება), ღრმაღელესა და სამგორის სათავო ნაგებობების საშუალებით.

წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარი, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით,თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება.

დედაქალაქში შემოსული წყალი კიდევ ერთხელ გადის დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს და წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელით უბნებზე ნაწილდება, საიდანაც, უშუალოდ მომხმარებელთა ონკანებამდე მის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.

 

ქსელი და განაწილების სისტემა

სათავო ნაგებობებზე მოპოვებული და წყალდენების საშუალებით მიწოდებული წყლის განაწილება მომხმარებელთა შორის ქსელების საშუალებით ხდება.

თბილისის წყალსადენის ქსელის სიგრძე, დიამეტრით 13 მმ-დან და 1400 მმ-მდე, თითქმის 3000 კმ-ია. ქსელების განშტოებები, უმეტესად, მოწყობილია ფოლადის მილებით. წყალდენების და მაგისტრალური ქსელების 35% თუჯისაა და 65% კი - ფოლადის. ბოლო პერიოდში, მასიურად მიმდინარეობს მაღალი ხარისხის პოლიეთილენის მილების მონტაჟი.

ქსელების მოწყობას, რამაც ქალაქში წყლის რაციონალურად განაწილება უნდა უზრუნველყოს, კომპანიის მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს პრობლემა დიდი ქალაქებში და, მითუმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს. თბილისისთვის დამახასიათებელი მთაგორიანი რელიეფის გამო, მის უდაბლეს და უმაღლეს ნიშნულებს შორის სხვაობა 1000 მეტრამდე აღწევს, ამიტომ, თბილისის წყალსადენის ქსელები 5 ვერტიკალური ზონისგან შედგება.

 

რეზერვუარები და სატუმბო სადგურები

თბილისის ნორმალური წყალმომარაგებისთვის ქალაქის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა ნიშნულზე, 35 ადგილზე, განთავსებულია 86 სამარაგო რეზერვუარი (საერთო მოცულობით 317 000 მ3).

ყველა რეზერვუარი რკინაბეტონისაა, მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის და მიწის ქვეშაა განთავსებული. ეტაპობრივად მიმდინარეობს რეზერვუარების ნაწილის რეაბილიტაცია.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ექსპლუატაციას უწევს 141 ადგილობრივ წნევის გამაძლიერებელ სატუმბო სადგურს, რომელშიც დამონტაჟებულია 4 კვტ-დან 75 კვტ-მდე ძრავები. ამჟამად, 70 სატუმბო სადგური მთლიანად რეაბილიტირებულია და აღჭურვილია უახლესი ტიპის ავტომატური მართვის ტუმბო-აგრეგატებით, დანარჩენის რეკონსტრუქცია კი გეგმურად მიმდინარეობს.

 

ქ. თბილისის წყალსადენის სიტუაციური სქემა