გამრიცხველიანება

რამდენადაც მოწესრიგებულია აღრიცხვის სიტემა, იმდენად მეტ პასუხისმგებლობას იღებს აბონენტი საკუთარ თავზე – ის ეკონომიას უწევს თავის ბიუჯეტს და შედეგად, რაციონალურად მოიხმარს სასმელ წყალს. დიდია წყლის დანაკარგები მოსახლეობის კუთვნილ დაზიანებულ ქსელებში, მჟონავი მილების, მწყობრიდან გამოსული ონკანების თუ სხვა დაზიანებების გამო. რის გამოც სუფთა წყალი პირდაპირ კანალიზაციაში ჩაედინება და სრულიად გამოუყენებელი, ფუჭად იღვრება. და ეს ყველაფერი ბევრი თბილისელის ოჯახში ხდება.

ცხადია, ეს დიდ ზარალს აყენებს როგორც კომპანიას, რომელიც წყლის დამუშავებასა და მომხმარებლებამდე მიტანაში დიდ შრომით და მატერიალურ რესურსებს ხარჯავს, ასევე წყალმომარაგების სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. აღნიშნულ პრობლემებს მხოლოდ მოსახლეობისთვის აღრიცხვის კვანძების მოწყობა, ანუ მობინადრეთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება გადაჭრის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილების თანახმად, წყალგამანაწილებელ კომპანიებს, მათ შორის ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსაც”, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების უფლება მიეცა.

მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება თბილისის წყალმომარაგებაში არსებულ მრავალ პრობლემას მოაგვარებს:

  • დაიზოგება და რაციონალურად მოიხმარება სასმელი წყალი, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს თბილისის უწყვეტ წყალმომარაგებას
  • დადგინდება საყოფაცხოვრებო აბონენტების (მოსახლეობა) ზუსტი რაოდენობა
  • ყოველი ოჯახი (აბონენტი) გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენსაც მოიხმარს
  • ყოველ ოჯახს საშუალება ექნება, თავად აკონტროლოს სასმელი წყლის ხარჯი და, შესაბამისად, საკუთარი ბიუჯეტიც დაზოგოს.

მოსახლეობამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება ხანგრძლივი პროცესია და ერთბაშად ვერ მოიცავს მთელ თბილისს. გამრიცხველიანება განხორციელდება ეტაპობრივად, სპეციალური პროექტისა და გეგმის მიხედვით. თბილისის მოსახლეობისთვის ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მოწყობა 2011 წლის ივნისიდან მიმდინარეობს. 

სემეკის 2010 წლის №18 დადგენილების თანახმად, სააღრიცხვო კვანძის მოწყობის ხარჯი, რომელიც 100 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, მობინადრემ თავად უნდა გასწიოს. თუმცა, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მზად არის, საკუთარ აბონენტებს შეღავათიანი პირობები შესთავაზოს: თანხას თავიდან კომპანია გაიღებს, აბონენტი კი ამ თანხის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებს და, მიმდინარე გადასახადთან ერთად, 24 თვის განმავლობაში დაფარავს.

 

 

გამრიცხველიანება იურიდიული პირებისთვის

გამრიცხველიანება სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისთვის, რომელიც იურიდიული პირის ან სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. ასევე იმ ობიექტებისთვის, რომელიც იურიდიულ პირს იჯარით აქვს აღებული სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობისთვის. ინდივიდუალური გამრიცხველიანება აუცილებლად უნდა შეეხოს იმ ახალმშენებლობებს, რომლის გამოყენება სამომავლოდ კომერციული მიზნებისთვის მოხდება.

გამრიცხველიანებისთვის იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის სათავო ოფისს ან რაიონულ სერვის-ცენტრს. კომპანიის სპეციალისტები მომხმარებელს დეტალურად მიაწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც გამრიცხველიანებისთვის და მომხმარებლის აბონირებისთვის (აბონენტად აყვანა) არის აუცილებელი. კომპანიის სპეციალისტები, ასევე, განისაზღვრავენ, თუ რა ტიპის მრიცხველის შეძენა მოუწევს მომხმარებელს, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სათანადო მრიცხველის შეძენა-დამონტაჟების შემდეგ, მოხდება აღრიცხვის კვანძის დაბრჯენა და მომხმარებლის აბონენტად აყვანა.