წყალმომარაგება

სასმელი წყალი ყოველდღიური მოხმარების სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის შექმნა-დამუშავება და მომხმარებლამდე მიწოდება კომპლექსური პროცესია. 

 

დედაქალაქის წყალმომარაგება ოთხ ძირითად საფეხურს გადის:

წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა, წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება.

 

არსებობს წყალმომარაგების ორი ტიპის წყარო - მიწისქვეშა და ზედაპირული. ნედლი წყლის ხარისხის გამო პრიორიტეტულია მიწისქვეშა წყალაღება.
თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ორივე ტიპის წყალაღება გამოიყენება. მიწისქვეშა წყლების მოპოვება ხდება მდინარე არაგვის ხეობაში, ხოლო ზედაპირული წყალაღება ხორციელდება მდინარე არაგვიდან, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან და ნაწილობრივ თბილისის ზღვიდან, ღრმაღელესა და სამგორის სათავე ნაგებობების საშუალებით.

 

წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანის შემდეგ ხდება მისი ტრასპორტირება და დაგროვება სარეგულაციო რეზერვუარებში. დედაქალაქის ტერიტორიაზე განთავსებულია 300 000 მ2 ტევადობის რეზერვუარები, მძლავრი სატუმბო სადგურები, ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურები და წნევის რეგულატორები, რომელთა საშუალებით, თბილისის მასშტაბით, სასმელი წყლის ნაკადებისა და წყლის წნევის რეგულირება ხდება.

 

დედაქალაქში შემოსული წყალი გადის დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს და წყალსადენის 3000 კმ-იანი ქსელის საშუალებით ნაწილდება, საიდანაც  მომხმარებელების ონკანებამდე სასმელი წყლის მიწოდებას 1000 ტუმბო უზრუნველყოფს.

 

ქსელი და განაწილების სისტემა 

თბილისის წყალსადენის ქსელის სიგრძე, დიამეტრით 13 მმ-დან და 1400 მმ-მდე 3000 კმ-ზე მეტია. მაგისტრალური წყასადენები თუჯის და ფოლადის მილებით არის მოწყობილი, განშტოებები კი უმეტესად ფოლადის მილებით. ბოლო წლებში მიმდინარეობს მაღალი ხარისხის პოლიეთილენის მილების მონტაჟი.

 

ქსელების მოწყობას, რაც ქალაქში სასმელი წყლის განაწილებას უზრუნველყოს, კომპანიის მხრიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თბილისისთვის დამახასიათებელი მთაგორიანი რელიეფის გამო, მის უდაბლეს და უმაღლეს ნიშნულებს შორის სხვაობა 1000 მეტრამდე აღწევს, ამიტომ, თბილისის წყალსადენის ქსელები 5 ვერტიკალური ზონისგან შედგება. 

 

რეზერვუარები და სატუმბო სადგურები 

თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ქალაქის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა ნიშნულზე, 35 ადგილზე,  86 სამარაგო რეზერვუარია განთავსებული (საერთო მოცულობით 317 000 მ3).

 

ყველა რეზერვუარი რკინაბეტონისაა, მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმისაა და მიწის ქვეშა არის განთავსებული.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ექსპლუატაციას უწევს 141 ადგილობრივ წნევის გამაძლიერებელ სატუმბო სადგურს, რომელშიც დამონტაჟებულია 4 კვტ-დან 75 კვტ-მდე ძრავები. ამჟამად, 70 სატუმბო სადგური მთლიანად რეაბილიტირებულია და აღჭურვილია უახლესი ტიპის ავტომატური მართვის ტუმბო-აგრეგატებით, დანარჩენის რეკონსტრუქცია კი გეგმურად მიმდინარეობს.  

 

 

ქალაქ მცხეთის წყალმომარაგების წყაროებია მდინარე არაგვი და მისი ფილტრატები.

ქალაქ მცხეთის წყალმომარაგება ასევე ოთხ ძირითად საფეხურს გადის: წყალაღება, წყლის ხარისხის სტანდარტამდე დაყვანა,  წყლის ტრანსპორტირება, მომხმარებლებზე განაწილება.

 

 

 

 

 

 

  ქ. თბილისის წყალსადენის სიტუაციური სქემა