რეკომენდაცია ზამთრისთვის

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ რეკომენდაციები ზამთრის სეზონისთვის

 

 

ძვირფასო აბონენტებო,

 

მიმდინარე  წლის 1 ნოემბრიდან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მზადება დაიმიმდინარეობს. ამ ტიპის სამზადისს ჩვენ ყოველწლიურად ვეწევით,  მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ ვიცით, რამდენად მკაცრი იქნება ზამთარი, მაგრამ ეს კეთდება სწორედ იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან მოსალოდნელი ყინვისა და მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობის თანმდევი პრობლემები, რაც თბილისის წყალმომარაგებაზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. სწორედ ამიტომ, ვატარებთ ყველა აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოს - ვაწესრიგებთ წყალსადენის ქსელებს, ვათბუნებთ საკვანძო ჭებში დამონტაჟებულ ჩამკეტ ურდულებს, დიდ ობიექტებში გამავალ მილებს, სხვადასხვა კომუნიკაციებს და ა.შ. ამას გარდა, აღრიცხვაზე აგვყავს დედაქალაქის ის ქუჩები, სადაც ჯერ კიდევ გადის ძველი და ამორტიზებული მილები, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ძლიერი ყინვის (თუ ტემპერატურა -5÷8  გრადუსს გადააჭარბებს) ან მკვეთრი ტემპერატურული ცვალებადობის გამო ასეთ ქსელებზე თავი იჩინოს ავარიულმა დაზიანებებმა. ამ ქუჩებზე კომპანია, ზამთრის განმავლობაში, მკაცრ კონტროლს დააწესებს.

 

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კარგი იქნება, თუ  თადარიგს თბილისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც დაიჭერს და მომზადებული შეხვდება ზამთარს. ამ მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სპეციალური სარეკომენდაციო წერილი ინდივიდუალურად გაუგზავნის ყველა იმ თბილისელ აბონენტს ანუ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობს კერძო სახლში, თბილისურ ეზოში (ე.წ. იტალიური ეზო), რამდენიმებინიან ან 1-3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ან ისეთ შენობაში, რომელიც მდებარეობს თბილისის მაღალ წერტილში. ამ ტიპის შენობებებში წყალგაყვანილობა და აღრიცხვის კვანძები მეტწილად დამონტაჟებულია ეზოებსა და აივნებზე, რაც ყინვისას ზრდის წითელი ხაზების შიგნით ანუ მომხმარებლების კუთვნილ ტერიტორიაზე გამავალი წყლის მილებისა და მრიცხველების მოყინვის, შესაბამისად კი, მწყობრიდან გამოსვლის რისკს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები არამხოლოდ კონკრეტული სახლის თუ ოჯახის, არამედ  მეზობლად  მცხოვრები სხვა ოჯახების წყალმომარაგებაშიც. ამგვარ ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება ისეთ კერძო ტერიტორიაზე  ხდება, სადაც მესაკუთრეები მუდმივად არ ცხოვრობენ. ამასთან, მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი წესების მიხედვით, წითელი ხაზების შიგნით არსებული ნებისმიერი გაყვანილობის ანუ  შიდა სისტემის მოვლა-პატრონობა აბონენტმა თავად უნდა უზრუნველყოს.

 

ვფიქრობთ, არ იქნება ურიგო, თუ ჩვენ მიერ შეთავაზებულ შემდეგ პრევენციულ ზომებს გაითვალისწინებთ:

  • დაათბუნებთ თქვენს ეზოში, მიწის ზემოდან ან აივანზე გამავალ წყლის მილებსა და განშტოებებს 
  • დაათბუნებთ თქვენს ეზოში ან აივანზე დამონტაჟებულ მრიცხველს და ჩამკეტ ვენტილს
  • ყინვისგან მაქსიმალურად დაიცავთ თქვენს კუთვნილ სანკვანძებს (აბაზანა, საპირფარეშო, ონკანები და ა.შ.), თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია დაბალ ტემპერატურაზე მათი მოყინვა
  • დაათბუნებთ დგარებს რამდენიმებინიანი სახლის სადარბაზოში, თუ სადარბაზო ღია ტიპისაა კიბის უჯრედში არ დატოვებთ ღია ფანჯრებს (ჩასვამთ მინებს და დაფარავთ ღიობებს ფანერის ტიხრებით და ა.შ.).

 

მილების შეფუთვა შეგიძლიათ სპეციალური ღრუბელით, რომელსაც ფოლგა აქვს გადაკრული.

ყუთში დამონტაჟებული მრიცხველის დათბუნება კი შეგიძლიათ ან ასეთივე ფოლგიანი ღრუბელით, ან სქელ პოლიეთილენის პაკეტში ჩაყრილი პენოპლასტის „ბურთულებით“, რასაც წყლის მრიცხველს შემოაკრავთ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში, გარკვეული დროით დაგეგმავთ თბილისიდან გასვლას, აღრიცხვის კვანძის დაზიანებისა და მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი პროცედურები:

  • გადაკეტოთ მრიცხველთან დამონტაჟებული ჩამკეტი ვენტილი
  • წყლისგან დაცალოთ სახლში არსებული წყალგაყვანილობა (ავზიდან მრიცხველამდე).

 

ამასთან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თხოვნით მოგმართავთ, რომ ზამთარში რეგულარულად  მიადევნოთ თვალ-ყური ამინდის პროგნოზს მედიასაშუალებებში.
თუ რამდენიმე დღის მანძილზე, თბილისში, მოსალოდნელი იქნება განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურა, და თუკი გასულ ზამთარშიც შეგექმნათ წყალგაყვანილობის მოყინვის პრობლემა, მაშინ უმჯობესი იქნება, თუ ონკანში წყალს მთელი ღამის განმავლობაში მოშვებულს  დატოვებთ.  

ამისთვის საკმარისია, ონკანიდან ასანთის ღერისოდენა წყლის ჭავლმა იდინოს.

 

იმ შემთხვევაში, თუ ზამთარს  დათბუნებულ წყალგაყვანილობას და მრიცხველს დაახვედრებთ, შეძლებთ თავიდან აიცილოთ გარკვეული პრობლებები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს მილებში წყლის გაყინვამ, ყინვის გამო მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ და ადგილობრივმა დაზიანებამ თქვენს კუთვნილ ქსელზე.

 

და ბოლოს, თუ თქვენ, ზამთრის სეზონზე, ვერ შეძლებთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ რეკომენდაციების გაითვალისწინებას და ამის გამო წყალმომარაგებაში შეგექმნებათ პრობლემები, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ:


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში გაგიწიოთ დახმარება.

 

ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისი ვიდეოინსტრუქციის მოძიებას შეძლებთ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე: